2012 წლამდეც იყვნენ კონგრესმენები, რომელთა განცხადებები ხელს აძლევდა ნაცმოძრაობას- ირაკლი კობახიძე

 

ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლამდეც იყვნენ კონგრესმენები, რომელებიც ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, როგორიც ხელს აძლევდა ნაციონალურ მოძრაობას, ახლაც იგივე ხდება, თუმცა ბოლოს სიმართლე იმარჯვებს.

“2012 წლამდე განცხადებები კეთდებოდა, რომ იყო გარემო დემოკრატიული, ციხეებში იყო ყველაფერი კარგად, დემონსტრანტების წინააღმდეგ არავინ არ იყენებდა ძალას და ა.შ.

საზოგადოება ხედავდა, რომ იყო ძალიან მძიმე ვითარება შექმნილი, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების კუთხით, მედია იყო მთლიანად მონოპოლიზებული და კონგრესმენები ან ევროპარლამენტარები წერდნენ თავის წერილებში, რომ მედიაპლურალიზმი იყო უზრუნველყოფილი… მაშინაც იყვნენ კონგრესმენები, რომელთა განცხადებები საბოლოო ჯამში ხელს აძლევდა ნაცმოძრობას, მაგრამ ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს სიმართლე”,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობას რამდენიმე ევროპარლამენტარზე მეტის მობილიზება უჭირს.

“ნაციონალებს აქვთ მათ შორის EPP-სთან ურთიერთობა, მაგრამ ამის მიუხედავადაც ნაციონალურ მოძრაობას უჭირს რამდენიმე ევროპარლამენტარზე მეტის მობილიზება თავის მხარდასაჭერად. ეს არის რეალობა, იმიტომ, რომ რეალურად ევროპარლამენტარები კარაგდ ხედავენ ყველაფერს და ნაცმოძრაობის მხარდაჭერა შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარით”,- აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, წერილში არაერთი ფაქტობრივი ცდომილებაა, მათ შორის 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენებისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ნაწილში.

აშშ-ის ოთხმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას მიწერა წერილი, რომელშიც ანაკლიის პორტის შეჩერებას, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა, პროპორციულ არჩევნებს, ,,ფეისბუკ” ტროლებს და სხვა საკითხებს ეხმაურებიან და მთავრობის მუშაობას აკრიტიკებენ.

ქართულმა ოცნებამ კრიტიკა მიიღო ევროპარლამენტარებისგანაც, რომლებმაც ქართულ დელეგაციას პროპორციულის დაპირება შეახსენა.