“2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა” – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა fox news-თან ეთერში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსული ფულის გავლენაზე ისაუბრა. მან ყურადღება აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ მიმოწერაზე გაამახვილა, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.
მისი თქმით, კლინტონის გარემოცვის ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, რომ პირები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან ფულს იღებდნენ, აძლევდნენ რეკომენდაციებს სახელმწიფო მდივანს და მის გარემოცვას პოლიტიკურ საკითხებში.
“2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა. პრორუსი ოლიგარქი, გაზპრომის აქციათა უდიდესი მეწილე, ბატონი ივანიშვილი ატარებდა კამპანიას ჩემს წინააღმდეგ. ამ დროს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გარემოცვასთან კონტაქტი ჰქონდა 3 პიროვნებას. ეს ადამიანები იღებდნენ რუსულ ფულს ივანიშვილისგან და შემდეგ როგორც უკვე ცნობილია, მეილკების საქმიდან, აძლევდნენ რეკომენდაციას სახელმწიფო მდივანს თუ რა ეთქვა პრესკონფერენციაზე როდესაც ის სტუმრობდა ამერიკის მოკავშირე ქვეყანას, ეკონტაქტებოდნენ მის გარემოცვას შეხვედრების დაგეგმვის მიზნით. ეს ადამიანები ეუბნებოდნენ ჰილარი კლინტონის ადმინისტრაციას, რომ თუ სააკაშვილის პარტია მოიგებდა, ეს გაართულებდა ამერიკის ურთიერთობებს მოსკოვთან. მათი ნაწილი ღიად მუშაობდა რუსულ ფულზე, რუსეთის მონაწილეობით და აკეთებდა ამას არაოფიციალური არხებით, რაც კანონით აკრძალულია. ჩვენ მაშინ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ რუსეთი ერეოდა ჩვენს არჩევნებში, ახორციელებდა დეზინფორმაციის კამპანიებს, პროვოკაციებს, სამხედრო ზეწოლას. ვითხოვდით გადაერჩინათ ჩვენი დემოკრატია. იგივე პირებმა, რომლებმაც ასეთი ხმაური ატეხეს დონალდ ტრამპის არ არსებულ შეთქმულებაზე, მაშინ თვალი დახუჭეს რუსეთის მასშტაბურ ჩარევაზე ჩვენს არჩევნებში“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.