“2014 წელს ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი იყვნენ ჩართულები” – გიორგი კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას ბრალდების საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია იყვნენ ჩართულები.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც გიორგი კაპანაძე მოწმის სახით დაიკითხა, მან განაცხადა, რომ ლონდონში ყოფნისას მას შავებში ჩაცმულმა კაცმა მუქარის წერილი გადასცა, რომელშიც კაპანაძეს ჩვენების მიცემას უკრძალავდნენ.

“საუბარია, თანხების უკანონო ლეგალიზაციაზე, რომელიც 2014 წელს იყო. ჩართული პირები იყვნენ დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია. მათი დაკავების შემდეგ იყო მუქარები. ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოებს მივმართე. მუქარა ჩემ ოჯახს ეხებოდა. უნდოდათ, რომ გავჩუმებულიყავი და ჩვენება აღარ მიმეცა. უგულავა და კეზერაშვილი თანხის გამოყენებას საარჩევნოდ აპირებდნენ. ეს ხდებოდა ფიქტიური ხელშეკრულებებით”, -განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში “სითი პარკის” ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება.