2017 წელს ჭიდაობის ფედერაციისთვის გადარიცხული თანხიდან 800 ათასი ლარი გაქრა-IDFI

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოებული ფინანსური დოკუმენტაციის შეუსაბამობა, ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვა და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ვალდებულებების უგულვებელყოფა – ეს ყველაფერი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში მოხვდა. IDFI-მ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2015-2018 წლებში სახელმწიფო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლითაც დადგინდა რომ  2017 წელს ჭიდაობის ფედერაციისთვის გადარიცხული თანხიდან 800 ათასი ლარი გაქრა.

“ბოლო პერიოდში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია არაერთხელ მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მოჭიდავეების და ამ სფეროში მოღვაწე პირების გარკვეულმა ჯგუფმა მედიას არაერთხელ გააცნეს ფედერაციაში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის და ფედერაციის მართვის პროცესებთან დაკავშირებული გადაცდომების სავარაუდო ფაქტები.” – აღნიშნულია  კვლევაში, სადაც მოყვანილია კონკრეტული საეჭვო გარემოებები:

  • ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოწვეული მსაჯებისათვის გადახდილი თანხები ფინანსურ ანგარიშებში დაანგარიშებულია დღიურად 100 ლარი, ხოლო ხელშეკრულებაში და მიღება ჩაბარების აქტებში დღიურად 100 აშშ დოლარი.

 

  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12,517 ლარი გადაიხადა, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტირებაში, ანუ ქალაქ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში – 8,276 ლარი.

 

  • შეჯიბრისთვის საჭირო ინვენტარის მოწყობისთვის ჭიდაობის ფედერაციამ დაიქირავა ამავე ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი.

 

  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისათვის, ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გათვალისწინებული 63,580 ლარიდან, ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო (12,980 ლარი) დაერიცხა ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს.

 

  • ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები პრემიის სახით ნაწილდება გაურკვეველი პრინციპით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ე.წ. „ატკატების“ რისკს.
  • 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანს ანტიდოპინგური წესების დარღვევისათვის ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი და მისი ჩამორთმევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ ამ შედეგისთვის დადგენილების შესაბამისად (სპორტსმენზე, მწვრთნელზე, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალზე) გაიცა 61,200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კვლევის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გაუმჭვირვალობა, რომელმაც IDFI-ის ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.