„2018 წელს 266 სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 72 შემთხვევაში სამართალდამრღვევებს ჯარიმა და 61 გაფრთხილება დაეკისრათ“, – ამის შესახებ 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს მოუსმინეს.
“კვლავ იკვეთება გამოწვევები, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მათ შორის, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმება, მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნება, არასრულწლოვათა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება და სხვა. განსაკუთრებით აქტუალური იყო ამომრჩევლის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა. აპარატმა 2018 წელს საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების სულ 470 პროცესი შეისწავლა.”- აღნიშნულია უწყების ანგარიშში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა.