2019 წელი საქართველოში დიდი გამოღვიძების წელი იყო,ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო-სააკაშვილის საახალწლო მილოცვა (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საახალწლო ვიდეომიმართვა გაავრცელა. სააკაშვილი 2019 წელს აფასებს და გამოღვიძების წელს უწოდებს.

„სულ მალე შემოაბიჯებს ახალი, 2020 წელი, მინდა, მივულოცო საქართველოში მყოფ ყველა ჩვენს თანამემამულეს, მინდა მივულოცო იმ ქართველებს, რომლებიც მთელ მსოფლიოს არიან მოდებული. ბევრი მათგანი გადახვეწილი გაჭირვების გამო.მინდა საქართველოს ყველა მეგობარს მივულოცო.

2019 წელი საქართველოში დიდი გამოღვიძების  და გამოფხიზლების   წელი იყო. ქართულმა საზოგადოებამ ბოლომდე დაინახა ის გამოწვევები, რაც გვაქვს და დაიწყო ამ საზიზღრობის მოშორება და თავისი სხეულიდან ჩამოფერთხვა და ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახები არ იმსახურებენ იმ გაჭირვებას, რომელშიც ისინი ხელოვნურად აღმოაჩინეს. როდესაც ქუთაისის აეროპორტს ვხსნიდი, ჩემთვის ის იყო ევროპაში ფანჯარა, ევროპასთან ერთიანობის სიმბოლო. ახლა ის ისეთი უიმედობის სიმბოლოდ იქცა, როგორც თავის დროზე იყო მაგალითად ყულევის მონათა ბაზარი იყო, საიდანაც ჩვენი ხალხი უცხოეთში გადიოდა იმისათვის, რომ უკან აღარასდროს დაბრუნებულიყვნენ. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სიამაყეს და ჩვენ დავიბრუნებთ სწრაფ განვითარებას. ბევრად უფრო სწრაფად წავალთ წინ ვიდრე ოდესმე წავსულვართ. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდება. მიუხედავად დღევანდელი სიძნელეებისა, აუცილებლად დავამარცხებთ ამ ბანდას და აუცილებლად მოვიშორებთ იმ გაჭირვებას და უპერსპექტივობას. 

მე მინდა ვთქვა, ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო. ეს ბრძოლა ბოლომდე მივა. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. მართალია სხვადასხვა ქვეყანაში ვართ, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი დიდი სიყვარული და ამას ვერაფერი ვერ დაარღვევს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.