2019 წელს ხელისუფლებამ საპატრიარქოს 100 670 კვ.მ მიწა გადასცა- EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 2019 წელს ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა.

აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტით მიიღო.

EMC-ს შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს არღვევს და გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას.

,, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს. ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისაა”,- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.