2019 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფოსგან ყველაზე მეტი ქონება ივანიშვილმა იყიდა-ამის შესახებ ინფორმაციას BMG აქვეყნებს.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთავრობამ პრივატიზაციის შედეგად 21,291,197 ლარის ღირებულების ქონება გაყიდა. ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით ნაკლებია. სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან ფაქტობრივად შესული თანხა (გადახდილი საფასური) 18,665,836 ლარს შეადგენს.
ინფორმაცია BMG-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვა. სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში ყველაზე მსხვილი გაყიდული ობიექტი აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩა 40-ში მდებარე ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფო და მის გარშემო არსებული მიწა იყო, რომლის საერთო ფართობიც 23,585 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
აღნიშნული ტერიტორია 3,540,000 ლარად შპს “სანაპიროს ხედმა” შეიძინა, რომლის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალი” ფლობს. პანამური კომპანიის მფლობელი კი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.
ამავე კომპანიას ეკუთვნის კიდევ ერთი შპს „აბასთუმანი 2019“-, რომელიც 2019 წლის 19 მარტს არის რეგისტრირებული.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი მაქსიმალური 2015 წელს იყო და 105,947,000 ლარს შეადგენდა. ყველაზე ნაკლები – 64,624,000 ლარის პრივატიზაცია კი 2017 წელს განხორციელდა. 2018 წელს საპრივატიზაციო შემოსავალი 88,714,889 ლარის ტოლი იყო.
2019 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მთავრობა გაცილებით უფრო მასშტაბურ – 170 მლნ ლარის პრივატიზების ტალღას გეგმავდა. ამ განცხადების მიუხედავად, 2019 წლის ბიუჯეტით, წელს სახელმწიფო ორჯერ ნაკლები – 70,000,000 ლარის პრივატიზებას გეგმავს.