მომავალი წლის 1 იანვრიდან ევროპის ყველა ავტომწარმოებელს ახალი წესების დაცვა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში უზარმაზარი ჯარიმები დაეკისრებათ.
ერთ–ერთი ახალი რეგულაცია ნახშირმჟავა გაზის გამოყოფას ეხება, რომელიც 2020 წლიდან ევროპის ბაზარზე გაყიდულ ავტომობილებში ერთ კილომეტრზე 95 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.
დროთა განმავლობაში წესები კიდევ უფრო გამკაცრდება. თუ საავტომობილო წარმოება სიახლეებს არ დანერგავს, მწარმოებლებს ჯამში 32 მილიარდი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რაც სავარაუდო მოგებას ორჯერ აღემატება.
ახალი წესები შესაძლოა სამუშაო ადგილების შემცირების მიზეზი გახდეს. კომპანია Audi-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მზად არის გერმანიაში 9500 თანამშრომელი შეამციროს, რაც მას საშუალებას მისცემს 6 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადოს ელექტრომობილებში და ციფრულ ტექნოლოგიებში.
ევროპის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი, კლემენტს ფიუსტი ამბობს, რომ დეკემბერში გერმანული ავტოწარმოების პოზიციები კვლავ გაუარესდა. პროგნოზები ნეგატიურია. “ამჟამად გერმანული ავტოწარმოება ტრანსფორმაციის რთულ პროცესშია და ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება დიზელის ძრავიანი ავტომობილების მომავალი. კომპანიებმა იციან, რომ მათ მეტი ელექტრომობილები უნდა აწარმოონ, მათ ახალი ტექნოლოგიები ჭირდებათ. ეს ინდუსტრიისთვის დიდი ცვლილებაა, ამიტომაც ყოველი მეათე სამუშაო ადგილი ამ სფეროში შიდა წვის ძრავაზეა დამოკიდებული.“– ამბობს ის.
მომავალი წლიდან გერმანიის ხელისუფლება ელექტრომობილების შეძენაში სუბსიდიების გაორმაგებას გეგმავს. ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს, რომ მიუხედვად ბოლოდროინდელი წარმატებებისა, ალტერნატიული ძრავის მქონე ავტომობილების რაოდენობა კვლავ 5 ჯერ ჩამოუვარდება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს.
ამასთან, ბაზრის მკვლევარები სერიოზულ ცვლილებებს არ ელიან. მათი პროგნოზებით 2025 წლისთვის ავტომობილების მხოლოდ 10.2% იმუშავებს ალტერნატიულ ძრავზე, 2030 წლისთვის კი ეს ციფრი მხოლოდ 5 პროცენტით გაიზრდება.
ექსპერტების აზრით ევროპაში დაწყებული ცვლილებები შესაძლოა დადებითი მაგალითი გახდეს მსოფლიოს სხვა რეგიონებისთვისაც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი ძალისხმევა დაიხარჯება ხელისუფლების, მწარმოებლების და თავად ავტომობილის მომხმარებლების მხრიდან.