2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, იმისთვის რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა.
„აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია და ამის მიზეზსაც გეტყვით: იცით, რომ კომპანია „სისტრა“ ახორციელებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს და ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო მიკროავტობუსებს ექნებოდა თუ არა ადგილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემადგენლობაში. როგორც იცით, კვლევა ჩაბარებულია, ანალიზიც გაკეთებულია. ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩების მოცულობიდან და გამტარიანობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია იმ ავტობუსების გადაადგილება, რომელიც შემოგვყავს 8, 10 და 12- მეტრიანი ავტობუსები და სამომავლოდ ვგეგმავთ უფრო დიდი, 18 და 24- მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას. კვლევამ გვიჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი და არსებობა მნიშვნელოვანია. საზოგადოებას უნდა გავუზარდოთ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა და მიკროავტობუსების როლი შიდასაუბნო დონეზე მნიშვნელოვანია.
კვლევა გვაჩვენებს, რომ მიკროავტობუსები აუცილებელია, შესაძლოა, არა იმ რაოდენობით, რაც იყო თავდაპირველად, მაგრამ ინტეგრირება მეტროსთან, ავტობუსებთან მნიშვნელოვანია. აქ დღეს გვაქვს მეორე პრობლემა – ამ ავტობუსების მდგომარეობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. არ უნდა გვეწყინოს, როდესაც საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში, რაც ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დავიწყეთ, ძალიან დაიკლო მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობამ. რა თქმა უნდა, ყველას აქვს სურვილი განახლებული, მოწესრიგებული ავტობუსებით იმგზავროს“,- განაცხადა კალაძემ.