2020 წლის არჩევნებისთვის პარტიას ახალი, წარმატებული ადამიანები შემოუერთდებიან- თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის , არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართული ოცნების გუნდს ახალი და წარმატებული ადამიანები შეუერთდებიან.

თალაკვაძის თქმით, პარტიამ 1 წლის წინ დაიწყო მუშაობა ახალი კადრების მიზიდვის მიზნით, როგორც 2016 წლის არჩევნების წინ.

„ყველა წევრი, ვინც თავისი წვლილი შეიტანა წარმატებებში, ქვეყნის განვითარებაში და რეფორმებში, გუნდში მომავალშიც თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. არავისთვის თვითმიზანი არ არის პარლამენტის წევრობა ან სახელმწიფო თანამდებობა – ეს არის მხოლოდ საშუალება საქმის კეთებისთვის. 1 წლის წინ ჩვენმა პარტიამ დაიწყო მუშაობა ახალი კადრების მოზიდვის მიზნით და 2020 წლის არჩევნებისთვის. ჩვენ შემოგვიერთდებიან ახალი, წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანები. განახლება ყოველთვის საჭიროა. ასე მოხდა 2016 წლის არჩევნებში და ასე მოხდება ახლაც“,- ამბობს თალაკვაძე.

IPN-თან ინტერვიუში ის ასევე აღნიშნავს, რომ გუნდიდან პოლიტიკოსების წასვლა გულდასაწყვეტია, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება ამომრჩეველს განახლებულ გუნდს და საინტერესო პროგრამას შესთავაზებს.

,,მათი წასვლა მართლაც გულდასაწყვეტია. ჩვენი თანაგუნდელები, ვინც უმრავლესობა და პარლამენტი დატოვეს, წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და მუშაობდნენ. მეგობრობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთი ადამიანების ყოფნა გუნდში, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის უპირატესობა იქნებოდა. მოგვწონს თუ არა, მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. პოლიტიკას და სახელმწიფო საქმეებს შეჩერება არ უხდება, ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ საკადრო გადაადგილებები და ვაგრძელებთ მუშაობას. 2020 წლის არჩევნებისთვის განახლებულ გუნდს და საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ საზოგადოებას”,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.