2026 წლისთვის თამბაქოზე აქციზი ევროპულ მაჩვენებელს გაუთანაბრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა.
ასოცირების ხელშეკრულებაში ვკითხულობთ რომ: ,,მხარეები გააძლიერებენ თავიანთ თანამშრომლობას და განახორციელებენ პოლიტიკის ჰარმონიზაციას აქციზურ საქონელთან დაკავშირებული თაღლითობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად და მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს თანამშრომლობა მოიცავს, მათ შორის, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ტარიფების, შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივ დაახლოებას, რეგიონულ კონტექსტში შესაძლებლობების გათვალისწინებით და “თამბაქოს კონტროლის შესახებ” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის შესაბამისად. ამ მიზნით, მხარეები შეეცდებიან გააძლიერონ თავიანთი თანამშრომლობა რეგიონული კონტექსტის ფარგლებში”.
British American Tobacco-ს კორპორატიულ დირექტორის , ზვიად სხვიტარიძის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია თამბაქოს დირექტივა, რომლის მიხედვით 1000 ღერ სიგარეტზე აქციზმა 90 ევროს უნდა მიაღწიოს, დღეს აქციზი 1000 ღერზე 30-32 ევროა.
მისივე განცხადებით, უკრაინასა და მოლდოვასაც აქვთ იგივე ვალდებულებები, მაგრამ ახერხებენ მის გადაწევას.
,,დღეს ჩვენ საკმაოდ მაღალი სააქციზო გადასახადი გვაქვს ეს არის 30-32 ევრო 1 000 ცალ ღერზე. იგივე ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები, როგორიც არიან მაგალითად უკრაინა და მოლდოვა, აქციზი 2-ჯერ ნაკლებია ვიდრე ჩვენთან. ამ უკანასკნელმა უფრო ადრე მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და ვალდებულებაც, რომ ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვოს უფრო ადრე უწევს. თუ მოლდოვა ახერხებს იმას, რომ ასოცირების საბჭოს ევროგაერთიანების ფარგლებში მოელაპარაკოს ამ ვალდებულების გადაწევაზე, იმიტომ რომ არ არის ქვეყანა მზად ამისთვის, ჩვენ შემთხვევაში რატომ ვერ მოხდება ეს. ცალსახაა, რომ გაზრდილი აქციზის პირობებში სომხეთიდან შემოდის არალეგალური პროდუქცია და ამას ვერ აჩერებენ”,- ამბობს სხვიტარიძე.
ასევე აღნიშნავს, რომ აქციზმა აღნიშნულ მაჩვენებელს 2030 წელს უნდა მიაღწიოს, რადგან ბიუჯეტი გაზრდილი აქციზის გამო დაზარალდება. ზარალი შარშან 400 მილიონი იყო, წელსაც არალეგალური პროდუქცია სომხეთიდან და აფხაზეთიდან შემოდის.
,,ბიუჯეტი გასულ წელს 400 მლნ-ით ლარით დაზარალდა ამ რადიკალურად გაზრდილი აქციზის გამო. ჯერ შემოდიოდა არალეგალურად დაჭრილი თამბაქო და აქციზს მასზე არავინ იხდიდა და ქვეყანა კარგავდა ამას, ჯანმრთელობის კუთხითაც უფრო მეტად ზიანდებოდა მომხმარებელი, ახლა კიდევ უარესი ხდება, იმიტომ რომ არალეგალური პროდუქცია შემოდის სომხეთიდან და აფხაზეთიდან“, – განაცხადა British American Tobacco-ს კორპორატიულმა დირექტორმა BM.ge-სთან.