ირანში ომის დაწყებიდან სულ მცირე ორჯერ რეჟიმმა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმებისთვის ილონ მასკის თანამგზავრული კავშირის სერვისი გამოიყენა, — განუცხადეს წყაროებმა The Washington Post-ს.
აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან მალევე ირანმა არაერთხელ მოახერხა ამერიკული თანამგზავრული სერვისის, Starlink-ის, გამოყენება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ჯარებზე დარტყმების განსახორციელებლად. ამის შესახებ გაზეთმა The Washington Post-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.
გამოცემის წყაროების განცხადებით, სულ მცირე ორი ასეთი შემთხვევა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველივე კვირაში დაფიქსირდა. არაავტორიზებული წვდომის დროს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) საკუთარი დანაყოფების მოქმედებებს კოორდინაციას უწევდა და მართავდა დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმებისთვის.
WP-ის ინფორმაციით, შესაბამისი ანგარიში აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტს წარუდგინეს. დოკუმენტში აღწერილი იყო, თუ როგორ იყენებდნენ ირანელი სამხედროები ამერიკულ თანამგზავრულ სერვისს. სააგენტო Reuters-მა კომენტარისთვის პენტაგონს მიმართა, თუმცა უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის მსგავსი დოკუმენტის არსებობის შესახებ არაფერია ცნობილი.
აშშ თავად უჭერდა მხარს ირანში Starlink-ის მუშაობას
WP-ის წყაროების ინფორმაციით, რომლებიც Starlink-ის მფლობელ კომპანია SpaceX-ში მიმდინარე შიდა განხილვებს იცნობენ, კომპანიის მფლობელი ილონ მასკი განრისხდა, როდესაც შეიტყო, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგე მის პროდუქტს იყენებდა.
გამოცემის სტატიაში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ შეძლო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა Starlink-ის ტერმინალებზე წვდომის მოპოვება. თუმცა თანამგზავრული ქსელის ტერმინალები ირანში არალეგალურად შეაქვთ, მათ შორის ადგილობრივი დემონსტრანტების მხარდასაჭერად.
2026 წლის იანვარში, ირანში საპროტესტო აქციების ტალღისა და ინტერნეტის თანმხლები დაბლოკვის დროს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა ილონ მასკის კომპანიას, დახმარებოდა დემონსტრანტებს კომუნიკაციის უზრუნველყოფაში. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, იმ პერიოდში მასკმა ირანში Starlink-ის უფასოდ გამოყენების ნებართვა გასცა.
SpaceX-მა სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანი Starlink-ს ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმებისთვის იყენებდა და The Washington Post-ს სტატიის უკან გაწვევა მოსთხოვა.
მასკის კომპანიაში აცხადებენ, რომ არც თავად SpaceX-ს და არც პენტაგონს არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ირანელი სამხედროები Starlink-ის თანამგზავრულ კავშირს იყენებდნენ.
„იმიტომ, რომ ეს არასდროს მომხდარა. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვაცნობეთ The Washington Post-ს, რომ მათი სტატია სიცრუეა“, — განაცხადეს კომპანიაში.
SpaceX-ში ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ მასალა ირანის მხრიდან მორიგი მუქარის ფონზე გამოქვეყნდა. ირანს მანამდე კომპანია და Starlink-ი საკუთარ სამხედრო სამიზნეებად ჰქონდა გამოცხადებული.
ახლა კომპანია გამოცემისგან მოითხოვს არა მხოლოდ სტატიის უკან გაწვევას, არამედ SpaceX-ისა და ამერიკელი ხალხისთვის ბოდიშის მოხდასაც.
Starlink-ის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება მასკისთვის მწვავე საკითხია
2026 წლის ოქტომბერში საბრძოლო მოქმედებების ზონებში Starlink-ის მუშაობის საკითხი ფართო განხილვის საგანი გახდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში.
როდესაც ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია რუსეთისთვის დათმობებზე წასვლასთან დაკავშირებით, კიევმა Starlink-ისა და მისი „სამხედრო პაკეტის“ — Starshield-ის მუშაობაში შეფერხებების შესახებ განაცხადა. ამან საფრთხე შეუქმნა უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ოპერაციას.
მასკისა და ტრამპის განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავდებოდა — დაწყებული იმ ფაქტის უარყოფით, რომ რომელიმე მათგანმა შეზღუდვები დააწესა, დასრულებული იმის აღიარებით, რომ შეზღუდვები მართლაც არსებობდა. ამასთან, ნოემბრის შუა რიცხვებშიც კი ზელენსკი აცხადებდა, რომ Starshield-ი უკრაინაში კვლავ შეზღუდვებით მუშაობდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, გარკვეულ პერიოდამდე უკრაინის ფრონტზე Starlink-ის ტერმინალებით რუსეთის ძალებიც სარგებლობდნენ. თუმცა SpaceX-მა ასეთი არალეგალური კავშირების გამოვლენა და შესაბამისი ტერმინალების დაბლოკვა მოახერხა.
ამის შემდეგ რუსეთში გაიზარდა ყურადღება თანამგზავრული კავშირის სისტემა „რასვეტის“ („განთიადის“) მიმართ, რომლის თანამგზავრების დედამიწის ორბიტაზე გაშვებაც 2026 წლის მარტში დაიწყო.


