UEFA-მ (ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ) 26 ნოემბერს ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ევროპა ლიგის მატჩზე მომხდარი ინციდენტების გამოსაძიებლად ეთიკისა და დისციპლინური საკითხების ინსპექტორები დანიშნა. UEFA-ს ოფიციალური განცხადებები ეწინააღმდეგება თურქული მხარის ვერსიას და ფაქტობრივად თურქული კლუბის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
დისციპლინური მოკვლევის დაწყების შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ რელიზში UEFA-მ ბათუმისა და პარალელურად გამართული „მარსელი“-სოფიის „ლევსკის“ მატჩების ინციდენტები ერთ კონტექსტში გააერთიანა და მკაცრი პოზიცია დააფიქსირა:
„UEFA მკაცრად გმობს ძალადობისა და წესრიგის დარღვევის სერიოზულ ფაქტებს, მათ შორის სტადიონის შიგნით გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებებს, რომლებიც 2026 წლის 26 ნოემბერს უეფას ევროპა ლიგის მატჩებზე – „ოლიმპიკ მარსელსა“ და პფკ „ლევსკი სოფიას“, ასევე „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის შეხვედრებისას მოხდა,“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტადიონზე განვითარებული მოვლენები ორგანიზაციის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და წესდებას არღვევს:
„ძალადობას, აგრესიას, სიძულვილსა და ნებისმიერი სახის პროვოკაციულ, დისკრიმინაციულ თუ ექსტრემისტულ ქცევას ფეხბურთში ადგილი არ აქვს. UEFA-ს ტურნირები ეფუძნება პატივისცემის, სამართლიანი თამაშის (Fair Play), კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს. აღნიშნულ მატჩებზე ნანახი მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს და UEFA-ს წესდებით განმტკიცებულ მიზანს – უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო მატჩები მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით ჩატარდეს,“ – აცხადებს UEFA.
ორგანიზაციის ცნობით, დანიშნული ეთიკისა და დისციპლინური ინსპექტორები შეისწავლიან ყველა არსებულ მტკიცებულებას, რათა UEFA-ს რეგულაციების შესაბამისად დაადგინონ ზუსტი ფაქტები და გარემოებები, რის შემდეგაც დამატებითი ინფორმაცია გასაჯაროვდება.
ამ განცხადებამდე, UEFA-მ კიდევ ერთი სპეციალური განმარტება გაავრცელა, რომლითაც პასუხი გასცა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის, „ბეშიქთაშისა“ და თურქული მედიის ბრალდებებს, თითქოს ქართულმა პოლიციამ თურქი ფანების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა პალესტინის დროშის გამოფენის გამო გამოიყენა:
UEFA-მ პირდაპირ განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, ადგილობრივ პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავები „ბეშიქთაშის“ სექტორში შევიდნენ, რათა თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები გაენეიტრალებინათ.
UEFA-ს თქმით, ის ფაქტი, რომ შეხვედრა სტამბოლში ვერ ჩატარდებოდა, ორგანიზაციას თავად თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა თურქეთის შესაბამისი უწყებების რეკომენდაციით და ახალ, შეთანხმებულ ადგილად სწორედ ბათუმის სტადიონი მიუთითა.
ამასთან, UEFA განმარტავს, რომ ის არ იყო მატჩის ორგანიზატორი და არც უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს – სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება ადგილობრივმა კომპეტენტურმა ორგანოებმა საკუთარი იურისდიქციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღეს.
26 ნოემბერს „ბათუმი არენაზე“ გამართული შეხვედრა პირველი ტაიმის 26-ე წუთზე დაახლოებით 30 წუთით შეწყდა მას შემდეგ, რაც ტრიბუნებზე ვითარება დაიძაბა. თურქული მხარე არეულობის დაწყებას ქართული პოლიციის მიერ ტრიბუნებზე გამოფენილი პალესტინის დროშისა და ბანერების ჩამორთმევას უკავშირებს, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს. უწყების განმარტებით, გულშემატკივრებმა წესრიგი ჯერ კიდევ სტადიონამდე მსვლელობისას დაარღვიეს პიროტექნიკის სროლით, ტრიბუნებზე კი აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და სამართალდამცავებს სკამებს ესროდნენ, რის გამოც სპეციალური საშუალებების გამოყენება გახდა საჭირო. არეულობის შედეგად დაშავდა 3 პოლიციელი და დააკავეს 16 პირი. შეხვედრა „ბეშიქთაშის“ გამარჯვებით (2:1) დასრულდა.


