თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებს „სრულიად მიუღებელს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მომხდარი ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეეფერება.
ისლამაბადში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარა საკუთარი გულშემატკივრების მიმართ მსგავს მოპყრობას არ შეეგუება და იმედი გამოთქვა, რომ თბილისმა თურქული მხარის გზავნილები სწორად გაიგო.
„ჩვენთვის ეს სრულიად მიუღებელი მდგომარეობაა და არ შეეფერება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს. ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ. ვფიქრობ, მათ სწორად გაიგეს ჩვენი გზავნილები ამ საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ფიდანმა.
თურქეთის პირველი დიპლომატის თქმით, ინციდენტის დაწყებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში მიემგზავრებოდა, პირადად დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ადგილზე მყოფ დიპლომატიურ წარმომადგენლებს.
ფიდანის განმარტებით, ანკარის მთავარი ამოცანა თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და დაკავებების თავიდან აცილება იყო, რის შემდეგაც შესაბამისი დიპლომატიური ნაბიჯებიც გადაიდგა:
„ჩვენი პირველი მიზანი იყო ადგილზე ვითარების განმუხტვა და იმის უზრუნველყოფა, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩენილიყო პატიმრობაში, არ დაშავებულიყო და ყველასთვის სათანადო ყურადღება მიექციათ. ამ კუთხით ყველა ზომა მივიღეთ, ჩვენმა თანამშრომლებმა ინტენსიურად იმუშავეს. დღეს კი ანკარაში საქართველოს ელჩი დაიბარეს, რომელთანაც შესაბამისი საუბარი შედგა და გაფრთხილებები გადაეცა“ – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა


