ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, კან კვარჩიას შვილი, ეფრემ კვარჩია სამკურნალოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დაჭრილის ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მისმა ოჯახმა მიიღო. მანამდე რუსეთის მხარემ ოჯახს პაციენტის რუსეთში გადაყვანა და სამედიცინო დახმარება შესთავაზა, პროცესში რუსი სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულნი, თუმცა ნათესავებმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს.
ეფრემ კვარჩია 15 ნოემბერს, სოხუმში, ძიგუას ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს. შემთხვევასთან კავშირის ბრალდებით აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნოდიკ კვიცინიაა დაკავებული.
რაც შეეხება თავად კან კვარჩიას, ის ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური მოძრაობა „აიდგილარას“ ლიდერია და მოსკოვთან მწვავე დაპირისპირებით გამოირჩევა. რუსული გავლენების კრიტიკის გამო, 2025 წელს რუსეთმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა, ხოლო მალევე მამა-შვილზე რუსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეც აღძრა.
2025 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდა. ამ დროს სოხუმში ჩასულები იყვნენ რუსი პოლიტტექნოლოგები, რომლებიც კან კვარჩიამ არჩევნებში უხეშ ჩარევასა და მოსყიდვაში დაადანაშაულა, რასაც სოხუმში, პოლიტტექნოლოგების ოფისში დაპირისპირება მოჰყვა. სოჭის პოლიციამ ამ ინციდენტს „ყაჩაღობა“ უწოდა. რუსული მხარის მტკიცებით, აფხაზმა ოპოზიციონერებმა რუს პოლიტტექნოლოგებს იარაღის მუქარით დაახლოებით 2 მილიონი რუბლი (25 ათასი დოლარი) წაართვეს. ამ საქმეზე სოჭის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა კან კვარჩიას და მის შვილს, ეფრემ კვარჩიასაც.


