“21–ე საუკუნის ჯალალედინია შემოსული საქართველოში! ბიძინა, ფიალა ავსებულია! მოღალატეების რიგში დადექი უკვე!“–გუბაზ სანიკიძე

მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერებმა  რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტთან და პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გახსნასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართეს.

გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ რუსეთმა ქვეყნის ოკუპაცია უკვე მესამედ სცადა და ამჯერად, ამას ხელი დღევანდელმა მთავრობამ შეუწყო.

„ვიხილეთ ის, რისიც ყველაზე უფრო გვეშინოდა ჩვენ. ჩვენი ქვეყნის მესამეჯერ ჩაბარება ოკუპანტზე და ამის ავტორი არის დღევანდელი ხელისუფლება. რაც ჩვენ, ვნახეთ, ეს არის ჩვენთვის ბოლო მესიჯი, ფიალა არის ავსებული უკვე, ქართველი ერის მოთმინებას საზღვარი აქვს,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც პასუხობს, რომელმაც დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს დაუშვებელი უწოდა. სანიკიძეს არ სჯერა, რომ ივანიშვილმა პარლამენტში რუსი დეპუტატების ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

„ბიძინა, დამთავრდა ფიალა, მოთმინების ფიალა ავსებულია უკვე, მოღალატეების რიგში დადექი უკვე, ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ყორღანაშვილს ღირსეული მემკვიდრე ხარ. მოგიწოდებთ მოქალაქეებს, ყველას, განურჩევლად ეთნიკურობისა, ყველა ქალაქში, დასახლებულ პუნქტში, გამოდით და დადექით მუნიციპალიტეტების წინ. საქართველოს სჭირდება გადარჩენა, იმიტომ, რომ დაგემილია სპეცოპერაცია, რომელიც გულისხმობს ქართული სახელმწიფოს მესამეჯერ და საბოლოო განადგურებას,“ – განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძემ მოსახლეობას 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.