21 წლის წვევამდელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის საქმე

21 წლის წვევამდელის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი კომენტარს აკეთებს. გიორგი ბუთხუზი კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მოკვლევა უკვე მიმდინარეობს და მომხდარს სამხედრო პოლიცია შეისწავლის. რაც შეეხება წვევამდელის ოჯახის განცხადებას, რომ 21 წლის ახალგაზრდაზე ფიზიკურად იძალადეს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ წვევამდელს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, მათ შორის, ტვინის ტომოგრაფია და ტრავმები არ აღენიშნება. ინციდენტი კრწანისის სასწავლო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით 21 წლის წვევამდელის ოჯახი სერჟანტს ადანაშაულებს. თუმცა, რა მოხდა გვიან ღამით სასწავლო ცენტრში, დაზუსტებით არავინ იცის. წვევამდელის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის სამხედრო ბაზაზე ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 386-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება ანდა მისი იძულება. ამ ეტაპზე მოწმეთა წინასწარი გამოკითხვით, ცემის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულს, ადასტურებს კლინიკა “რუსთავში” ჩატარებული კვლევები, მათ შორის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც რაიმე სახის დაზიანება არ გამოვლენილა. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეზე არც გარეგანი დაზიანების ან ტრამვის კვალი აღმოჩენილა. რუსთავის სამედიცინო დაწესებულების გარდა, დამატებითი სამედიცინო კვლევები ე. ეფენდიევს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალშიც ჩაუტარდა, მათ შორის ლაბორატორიული კვლევები, გულმკერდის რენტგენოსკოპია, ასევე ნევროლოგიური, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური კვლევები, სადაც ჯანმრთელობის რაიმე სახის დაზიანება ასევე, არ გამოვლენილა. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას რაიმე სახის ჩივილები არ გააჩნია”,წერია უწყების განცხადებაში.