22 წლის გოგო სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ზუგდიდის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ,  გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფოში „ნიქალ მედიში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს და მაშინ როცა ქუთაისიდან რის გამოც საჭირო გახდა მისი თბილისში გადმოყვანა თუმცა ის მანქანაში გარდაიცვალა. 

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა, რომ პაციენტი თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემოიყვანეს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, თუმცა მოგვიანებით, ქუთაისის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„დადასტურებულად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გრიპის ვირუსი. როგორც ვიცი ლაბორატორიული ნიმუშები გაგზავნილია და დღეს დღის ბოლოს ველოდებით პასუხს“,- თქვა ნანა ოდიშარიამ.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს განცხადებით, პაციენტი 19 იანვარს შემოვიდა გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით და შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ ოჯახთან მოლაპარაკებით გადაყვანილ იქნა ქუთაისში. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.