3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის, 51 წლის თამარ საძაგლიშვილის დედა გაზეთ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში შვილის დაავადებაზე ყვება.
„დანიშნულება არ დაუწერეს. მე მოვიყვანე შინ კერძო ფსიქიატრი, რომელიც გაესაუბრა, დარწმუნდა მის დიაგნოზში და დაუნიშნა „ჰალოპერიდოლის“ ნემსები და რაღაც ტაბლეტები – სახელი აღარ მახსოვს. რამდენიმე თვე იღებდა ამ პრეპარატებს. ამის შემდეგ ცუდად გახდა – მოდუნდა, ვეღარ დადიოდა, ჰემოგლობინი 116 რომ უნდა ჰქონოდა, 30-მდე დაუვარდა. პოლიკლინიკის ექიმმა ჰემოგლობინის ასამაღლებელი დაუნიშნა, რომელმაც კარგად იმოქმედა. ამის შემდეგ სხვა ფსიქიატრი მოვუყვანე, ისევ კერძოდ. მან მოუხსნა ძველი პრეპარატები და დაუნიშნა „კეტილეპტი“ და „ტრიტიკო“. ყველა პრეპარატს ჩემი სახსრებით ვიძენდი. ცოტა ხანს სვამდა, მერე მიატოვა. ჩემს შვილს მკურნალობაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ მე რომ მისი შინ წაყვანა მოვინდომე, მითხრეს, თქვენი ნებააო. დაინტერესდნენ, კერძო ფსიქიატრს მოიყვანთო? კი-მეთქი, ვუთხარი
ჰემოგლობინი 69-მდე აეწია. ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალური ჰქონდა. ჩვეულებრივად საუბრობდა, საქმეს აკეთებდა, ხატავდა… წამლები რომ შეწყვიტა, მაშინაც კარგად იყო, რამდენიმე დღის წინ კი ეს გააკეთა…
როცა ეს ამბავი მოხდა იმ დღეს მარტო იყო. იმავე ღამით, 23.30-ზე მელაპარაკა ტელეფონით. არაფერი ახსოვდა, მითხრა, კარგად ვარო. რაღაცებს მომიყვა – ეს გავაკეთე, ის მოვიტანეო… ახლა დაიძინე, მეც ვიძინებო. ამის შემდეგ ღამის 3 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს. არ ვიცი… იმდენ რამეს ამბობენ… „ფეისბუკში“ ისიც დაწერეს, ძიძად მუშაობდა სამი თვის ბავშვთან და თვითონ მიატოვა სამსახურიო. ჩემს შვილს ძიძად არასდროს უმუშავია…
სახელმწიფოსგან არაფერს ველოდი, მე ჩემი შვილის დარდი მქონდა და თანახმა ვიყავი, კერძოდ მემკურნალა. სახელმწიფოს მე არაფერს ვთხოვ, მაგრამ ხომ უნდა შეემოწმებინათ, ვმკურნალობდი თუ არა?!“.- ამბობს ბრალდებულის დედა.