24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც 24 წლის მამაკაცის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობაში არის ბრალდებული, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული პატიმრობას დაეთანხმა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა. ჩემი მიზანი იყო, რომ მანქანა არ წაეყვანათ და მოყვა ასეთი ტრაგიკული შედეგი, რაც ჩემი მიზანი არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვერ გაიგებს და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ“, –განაცხადა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, დაპირისპირება ორ მამაკაცსა და შსს-ს მოქმედ თანამშრომელს შორის 2 იანვარს “დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა 24 წლის მამაკაცი აწამა, რის შედეგადაც ის სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო გარდაიცვალა.