25 დეკემბერს ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო გზებზე მოძრაობა შეიზღუდება

ფოტო: ჯაბა ჩიტიძე

25 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, სატრანსპორტო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ხვალ, 25 დეკემბერს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, რის გამოც სატრანსპორტო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, 10:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით გამავალი გვირაბი დაიკეტება. შესაბამისად, თაბუკაშვილის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ისარგებლებს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული პანდუსით და მოხვდება რუსთაველის გამზირზე. 18:00 საათიდან კი აღნიშნული გვირაბი ორივე მიმართულებიდან დაიკეტება, რის გამოც ელბაქიძის დაღმართიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვერ განხორციელდება.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება”,-ნათქვამია ინფორმაციაში. khz