25 წლის გოგო ტაქსის მძღოლს სექსუალურ ძალადობაში, ცემასა და პირადი ნივთების წართმევაში ადანაშაულებს. როგორც დაზარალებული ამბობს ის იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და ტაქსის მძღოლმა ამით ისარგებლა, ავტომობილში ჩაჯდომისთანავე მისი ნების წინააღმდეგ მამაკაცმა მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა, ამის შემდეგ კი მძღოლი მას ფიზიკურად გაუსწორდა პირადი ნივთები წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარებულის თქმით, თავში მიყენებული მძიმე დაზიანებების მიუხედავად, მან მოახერხა, რომ ახლოს მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორებისთვის დახმარება ეთხოვა და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გოგონა მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა.
ბრალდებული 37 წლის დავით ცაკაშვილია რომელიც ამტკიცებს რომ გოგონამ ეს ისტორია მოიგონა და ის გამოგონილი ისტორიის მსხვერპლია. ბრალდებულის თქმით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გოგონამ ზუსტად ვერ მიასწავლა თუ სად უნდა მიეყვანა, ამიტომ მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფ გოგონას მძღოლმა მასთან სახლში წასვლა და დასვენება შესთავაზა. ბრალდებული ასევე აცხადებს რომ გოგონამ მას მოფერება დაუწყო.
37 წლის მამაკაცი ყვება, რომ ამის შემდეგ გოგონა აგრესიული გახდა და ისევ გიორგიწმინდაში დაბრუნება მოითხოვა, რა დროსაც ტაქსის მძღოლსა და გოგონას შორის შეკამათება მოხდა. 37 წლის მამაკაცი განმარტავს, რომ კამათის დროს ახალგაზრდას პირადი ნივთები დაუბრუნა და ტერიტორია დატოვა.
დავით ცაკაშვილი აღიარებს რომ სახლში მისვლისას მანქანაში გოგონას ტელეფონი იპოვა თუმცა ამის შესახებ მან პოლიციას არ აცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ცაკაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.