“2500-მდე ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია”-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, სამშენებლო კომპანია M2 “სვეტის” მიერ დაწყებულ მშენებლობას დაასრულებს.
კალაძის განცხადებით ასევე იგეგმება ცენტრ-პოინტისგან დაზარალებულების პრობლემების მოგვარებაც.
მემორანდუმის მიხედვით, კომპანია სვეტის მიერ დაზარალებული 2 500-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება მას შემდეგ, რაც m² გადაიბარებს სვეტის ნაკისრ ვალდებულებებს და დაასრულებს ყველა დაუმთავრებელ მშენებლობას.
კომპანია m² კომპანია სვეტის სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. ესენია, მირცხულავას ქუჩის 9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის 125 ა-სა და ჭყონდიდელის ქუჩის #22-ში დაგეგმილი მშენებლობები. სამივე პროექტი 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2018 წლის 3 ოქტომბერს თაღლითობისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მუხლით სამშენებლო კომპანია სვეტის ხელმძღვანელი პირები დააკავეს.
დეველოპერული კომპანია სვეტის მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, უწყებაში გამოძიება 2018 წლის 29 მაისს დაიწყო. დაზარალებული მენაშენეები რამდენიმე თვის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ.