სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ მაღალია უტენდერო, პირდაპირი შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დღესასწაულების თარიღები ყოველთვის დიდი ხნით ადრე არის ცნობილი რადგან ყოველ წელს იგივე თარიღში იმართება, ცენტრალური ხელისუფლების უწყებები და მუნიციპალიტეტები მაინც ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება და დაჩქარებულად და მითუმეტეს, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული. ორგანიზაციის აზრით, ეს მიანიშნებს ტენდერების დაგეგმვის პროცესის სერიოზულ ჩავარდნაზე,, რაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უკვე წერდა ახალი წლის ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლის და მომსახურების პირდაპირი შესყიდვების ანალოგიურ პრობლემაზე.
კვლევა მოიცავს ცენტრალური ხელისუფლების უწყებების და ხუთი თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის N1030 განკარგულებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. გეგმის მიხედვით, 20-მდე სახელმწიფო უწყებას, თბილისის მერიას და რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება დაევალათ.
საკითხის შესასწავლად საერთაშორისო გამჭივრვალობა საქართველომ 26 მაისის შესყიდვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების 17 უწყებიდან და 5 თვითმმართველი ქალაქის მერიიდან 7 ივნისს გამოვითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გამოთხოვიდან თვენახევარზე მეტი გავიდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა, რითაც ამ უწყებებმა დაარღვიეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვებზე ინფორმაცია ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში მოიპოოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე კი ინფორმაცია არ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი.
უწყებებიდან მიღებული და მოძიებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ 26 მაისის ღონისძიებებზე, სულ, 6.8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 6.5 მილიონ ლარზე მეტი, მთლიანი ხარჯის 97%, პირდაპირი შესყიდვების გზით დაიხარჯა.
შესყიდვების 95% ტენდერით განახორციელა რუსთავის მერიამ, კერძოდ, ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა. თბილისის მერიამ ტენდერის გამოყენებით დახარჯა თანხის 36%. ფოთის მერიას დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებზე თანხა არ დაუხარჯავს. ყველა სხვა უწყების შემთხვევაში თანხის 100% პირდაპირი შესყიდვების გზით დაიხარჯა.
პირდაპირი შესყიდვებიდან 277 268 ლარი დაიხარჯა მუსიკალური ნომრების შემსრულებლების ანაზღაურებაზე. აქედან, 231 200 ლარი შემოქმედებითმა საქართველომ დახარჯა, 36 500 ლარი – ბათუმის მერიამ და 9 568 ლარი – ქუთაისის მერიამ
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის ერთი ან რამდენიმე პირდაპირი შესყიდვით 100 ათას ლარზე მეტი თანხა 17-მა კომპანიამ მიიღო. ჯამში ამ 17-მა კომპანიამ 4.8 მლნ ლარი მიიღო, რაც პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 74%-ია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ხელისუფლებას რეკომენდაციითაც მიმართავს:
ცენტრალური ხელისუფლების უწყებებმა და მუნიციპალიტეტებმა უკეთ უნდა ჩამოაყალიბონ შესყიდვების წლიური გეგმები, სადაც მინიმუმ რამდენიმე თვით ადრე იქნება ცნობილი, თუ რის შესყიდვას გეგმავენ 26 მაისის და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისათვის. ეს აამაღლებს კონკურენციის დონეს და შემსყიდველს თანხის დაზოგვის და უფრო ხარისხიანი საქონლისა და მომსახურების მიღების საშუალებას მისცემს;
საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მკაცრად უნდა მიუდგენენ სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პირდაპირ შესყიდვებზე თანხმობის გაცემას.