3-4 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტს ვაშინგტონში გამართავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნატო-ს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გასამართი საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 3 აპრილს აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში „NATO Engages: The Alliance at 70 Years“, სადაც სიტყვით გამოვა ალიანსის გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილ პანელზე „უსაფრთხოების გაფართოება სამეზობლოში: ნატო-ს პარტნიორობის მემკვიდრეობა და მომავალი“. ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, აშშ-ის კონგრესში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელ გერი კონოლთან.
მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე წლის 28 მარტს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს მონაწილეობით მსჯელობა წარიმართა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე 24-25 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატო-ს გენერალური მდივანი ენს სტოლტენბერგი.