პირველი იანვრიდან 3 ახალი რეგულაცია ამოქმედდა. დღეიდან სტადიონებზე და სპორტულ კომპლექსებში მოწევა აიკრძალა.
ეს რეგულაცია ეხება იმ სტადიონებს, რომლებსაც ადმინისტრაცია ჰყავს. მათ შესაბამისი ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟების ვალდებულება აქვთ. დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით – 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე კი – 2000-ით.
აღნიშნული რეგულაცია 2018 წლის 1 მაისს ამოქმედებული კანონის “თამბაქოს კონტროლის შესახებ”, ნაწილია. ამავე კანონით აიკრძალა დახურულ შენობებში მოწევა.
2 ახალი რეგულაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უკავშირდება. დღეიდან მძღოლებს ევალებათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და სისტემის გამართულობის ინსპექტირების სერტიფიკატი, რომელიც აკრედიტებულმა შემფასებელმა უნდა გასცეს. მისი არქონის შემთხვევაში, ავტომობილი ინსპექტირებას ვერ გაივლის.
თხევადი აირის სისტემა პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 3 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება, ხოლო გათხევადებული აირის აირბალონი – 5 წელიწადში ერთხელ.
ამასთან ერთად, დღეიდან სპორტული დანიშნულების ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ამ კატეგორიის ავტომობილებზე აქციზის გადასახადი ფიქსირებულად 100 ლარი იქნება.