“13 წლის წინ მე ამ ტელევიზიის დატოვება მომიხდა”-9-საათიანი “კურიერი” ამ შესავლით ნათია ლაზაშვილმა დაიწყო.
ერთთვიანი პაუზის შემდეგ კურიერი ეთერში დღეს გავიდა.
“24 წლის წინ მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელმაც ჩემს კოლეგებთან ერთად პირდაპირ ეთერში გაიყვანა “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახური, 13 წლის წინ კი მე ამ ტელევიზიის დატოვება მომიხდა. ვბრუნდები, რადგან ვთვლი, რომ ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული, ეს სტუდია ჩაბნელებული. დავბრუნდი რადგან ჟურნალისტებს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, თავისუფლად აკეთონ თავიანთი საყვარელი საქმე. აკეთონ ახალი ამბები საკუთარი სინდისის მიხედვით, მაგრამ ამავე დროს სხვისი ღირსების დაცვით.იმედი მაქვს, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა როცა კურიერმა მუშაობა შეწყვიტა”-განაცხადა ლაზაშვილმა შესავალ სიტყვაში.
აგვისტოში ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა არხის მაშინდელი საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა.