39 საფლავის გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავეს – შსს

კახეთში 39 სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ე. ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს: “სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეაჩერეს “ფოლკსვაგენ პასატის” მოდელის ავტომანქანა, რომელსაც 1985 წელს დაბადებული გ.ე. მართავდა. პოლიციამ ავტომანქანის საბარგულში საფლავის მესერის ალუმინის ნაკეთობები აღმოაჩინა, რომლებიც ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით ჰქონდა მოპოვებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის რაიონებში 39 საფლავი გაქურდა, კერძოდ, საფლავების მესერების ალუმინის ნაკეთობებს შემდგომი რეალიზების მიზნით, ფარულად დაეუფლა. გ.ე.-ს, ნარკოდანაშაულის გამო, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აკრძალული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება. გამოძიება ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 381 მუხლის პირველი ნაწილით”,წერია შსს-ს ინფორმაციაში.