კონგრესმენების წერილში არის კრიტიკა, თუმცა შეიცავს უზუსტობებს- რატი იონათამიშვილი

,,ქართული ოცნების” დეპუტატის, რატი იონათამიშვილის თქმით, წერილში, რომელიც გახარიას 4-მა კონგრესმენმა მიწერა, არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა შეიცავს უზუსტობებს.

,,რაც შეეხება თავად წერილის შინაარსს, ცხადია, აქ არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტების შემდეგ, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება და მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია, შეფასებები იქნება ობიექტური და პოზიტიური”,- ამბობს იონათამიშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ოპონენტები 4 კონგრესმენის წერილსა და კონგრესის ორპარტიულ მხარდამჭერ რეზოლუციას ერთ სიბრტყეზე აყენებენ.

“ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ 4 კონგრესმენის წერილი და კონგრესის ორპარტიული მხარდამჭერი რეზოლუცია ლამის ერთ სიბრტყეში დააყენონ და თანაბარი მნიშვნელობის გამოხატულებად წარმოგვიდგინონ. ეს ნამდვილად მცდარია და პოლიტიკურ უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე”,- აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი.

4-მა კონგრესმენმა გახარიას წერილი მიწერა, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნაზე, პროპორციული არჩევნების ჩაგდებასა და სხვა საკითხებზე.