4 თებერვალს პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება.
ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ თბილისის მერიას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, ამის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა მათი კეთილი ნებაა, თბილისის მერია ინფორმირებული იყოს, რომ პარლამენტთან პიკეტირება და სირცხვილის დერეფნები იგეგმება.
,,4 თებერვალს გრძელდება ის პროტესტი, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის სამარცხვინო გადაწყვეტილების შემდეგ, როცა მან გადააგდო ქართველი ხალხი და არ შეასრულა დაპირება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. 4 თებერვალს ყველა ის პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული, დავუბრუნდებით ამ პროცესს. ახალ ეტაპზე გადავა ეს პროცესი და კვლავ სირცხვილის დერეფნების და პიკეტირების გზით ჩვენ ვაპირებთ, დისკომფორტი შევუქმნათ იმ სამარცხვინო წარმოამდგენლებს, რომლებსაც გონიათ, რომ ისევ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ხელისუფლებაში ყოფნას. ეს ასე არ იქნება. მათ მოუწევთ დიდი დისკომფორტის გავლა. ეს, საერთაშორისო მეგობრების ზეწოლასთან ერთად იქნება ის ბერკეტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა და დაპირებების შესრულება.” – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.