სანზონაში მცხოვრები 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების გამო 4 სოციალური მუშაკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქმეში გამოიკვეთა “ბავშვის მართვის მენეჯმენტთან ” დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. თამარ ბარკალაიას თქმით, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.
ბარკალიამ სისტემურ ხარვეზებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2018 წელს დაიგეგმა სოცმომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენაა მიმართული.
სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა, თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ მან ბავშვი სცემა. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცოხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. დედას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.