4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული სავარაუდოდ მეორე შვილსაც სცემდა

პროკურატურის  ინფორმაციით, 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ლელა ქსოვრელის კიდევ ერთი მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურორის თქმით, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ძმასაც სავარაუდოდ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები,ამის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლელა ქსოვრელის საქმეზე დღეს პირველი არსებითი განხილვა იმართება. სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

„დღეს დაიწყება არსებითი განხილვა, მოგვეცემა შესაძლებლობა, შესავალი სიტყვები წარმოვადგინოთ. ამის შემდეგ იქნება მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ დავიწყებთ მოწმეების დაკითხვით, რომლებიც საკმაოდ ბევრია. საქმე ხუთი ტომია მოწმეები დაახლოებით 70. ყურადღებას გავამახვილებთ პირდაპირ ძირითად მტკიცებულებებს და იმაზე, თუ რის საფუძველზე ვაპირებთ, სასამართლო დავარწმუნოთ ლელა ქსოვრელის ბრალეულობაში. ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ბავშვს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ლელა ქსოვრელის შერაცხადობაზე ექსპერტიზა დანიშნულია“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ.

22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალად ედება 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა.