4 წლის გოგოს გარდაცვალების გამო მისი დედა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პოლიციამ თბილისში, ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე მისი დედა დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით ბავშვის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.
ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს –სგანცხადებაში ნათქვამია, რომ შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.

საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით. ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.
22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.
მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 და–ძმასთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.