470 ფირფიტა „ლსდ“ – დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე 22 წლის ბიჭი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 22 წლის ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება „ლსდ“ და 3 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დ.მ.-ს საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 553 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, 470 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება „ლსდ“, 3 შეკვრა „მეტადონის ფუძე“ და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მდმა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

{{VIDEO}}