5 თვეში, შვილების მიმართ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს

2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 პირი ამხილეს. 

სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა/მამინაცვალი. აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:
62 შემთხვევაში – ოჯახის წევრი (დედა ან ბებია);
32 შემთხვევაში – მსხვერპლი ბავშვი;
4 შემთხვევაში – მეზობელი;
3 შემთხვევაში – მოქალაქე/შემსწრე პირი;
2 შემთხვევაში – ნათესავი;
2 შემთხვევაში – საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
2 შემთხვევაში – სკოლა/მანდატური;
1 შემთხვევაში – არასამთავრობო ორგანიზაცია;
1 შემთხვევაში – სოციალური სამსახური;
1 შემთხვევაში – სხვა პირი.

შემაკავებელი ორდერი არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე გაიცა. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში – სხვა პირმა.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

„არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, მათ შორის, მშობლების მიერ შვილების მიმართ ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვანი მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“,-აღნიშნულია  ინფორმაციაში.