„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებას უპასუხა. სალიას თქმით, ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს.
„რაც შეეხება იმას, რა იყო შეთავაზებული 2015 წელს და რა იყო შეთავაზებული ახლა. 2015 წელს განიხილებოდა, საჯაროდ ითქვა, რომ ქიბარ ხალვაში მზად იყო დაეთმო 50 პროცენტი, თუმცა ამ საუბრებს მიღმა ასევე ბევრი საუბარი იყო, ბევრი დისკუსია, რაც საბოლოო ჯამში, თუნდაც ორი დღის წინანდელ შეხვედრაზე ითქვა ორივე მხარის მიმართ, რომ მოდი, დავანებოთ თავი რა იყო წარსულში, რადგან რეალურ შეთანხმებამდე ჩვენ ვერ მივედით, ამიტომ დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ ნაწილში ურთიერთობა და თქვით, რასაც გვთავაზობთ. ქიბარ ხალვაშმა უთხრა ის, რასაც სთავაზობდა, მან შესთავაზა 40%. 40% არის საკმაოდ დიდი წილი კომპანიაში. კონტროლის ბევრი მექანიზმი არსებობს და 40 %-ის მფლობელს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა საუბრები იყო და საბოლოო ჯამში ქიბარ ხალვაშმა, რომელიც სამართლებრივად, ყველანაირი პროცედურის დაცვით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დარეგისტრირდა მესაკუთრედ, მან გამოიჩინა კეთილი ნება. ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს, ეს ძალიან კარგად იციან მათაც და ამბობენ კიდევაც. ეს არ არის ვალდებულება, ეს არის კეთილი ნება. რატომ არ მაძლევ უფრო მეტს და არ მჩუქნი, მგონი არასწორია“,-აცხადებს პაატა სალია.
სალიამ განაცხადა, რომ “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არავინ აპირებს და 50%-ის აქიმიძის და დვალისთვის გადაფორმება დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტია ვერ იქნება.
„სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საუბარი ძალიან ბევრია და ჩემი პასუხია, რომ ყოველდღიურობა გვაჩვენებს იმას, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არც არავინ ჩარეულა და არხი აგრძელებს მუშაობას ისე, როგორც მუშაობდა. ვერავინ მეტყვის, რომ ვინმემ რაიმე მითითება მისცა ჟურნალისტებს. 50%-ის კონტროლი, ჩემი აზრით, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის. დათოს განცხადება იყო, რომ ის აპირებს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ამ შემთხვევაში სად არის ლოგიკა? ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ სარედაქციო პოლიტიკა“, – განაცხადა სალიამ.