4 თვის განმავლობაში შემოწმებული 500-ზე მეტი საავადმყოფოდან 100-ზე მეტი დაჯარიმდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგების კომენტირებისას განუცხადა.
კაპანაძის განმარტებით, საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგად 7 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.
„შედგენილია სამართალდარღვევის 117 ოქმი. არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომლებიც უკავშირდება ხარისხის შიდა სისტემების მართვას, დეზინფექცია-სტერილიზაციას, სამედიცინო ნარჩენების მართავს და მსგავსი ტიპის დარღვევები გამოიკვეთა. იყო რამდენიმე დარღვევა ტექნიკასთან დაკავშირებით – როგორც იცით, სამედიცინო აღჭურვილობა არ უნდა იყოს 1997 წელზე გვიან გამოშვებული.
დაჯარიმდა 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება. რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, ჩვენ როდესაც ვამოწმებთ, ვაფიქსირებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და შემდეგ უკვე სასმართლო ახდენს სანქცირებას ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის.
7 შემთხვევის შესწავლა სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემოწმების შედეგად იყო გარკვეული ნიშნები, რომლებიც სცილდებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილს. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული საკითხები შემდგომი შესწავლისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა“, – აღნიშნა კაპანაძემ.