ქუთაისელი დავით თათვიძე, შესაძლოა, მომდევნო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავროს. ევროპის ჩემპიონის დედა ეთერ ხუბუა აცხადებს, ბრატისლავაში დაგეგმილ ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დაფინანსება მხოლოდ მოჭადრაკეს აქვს, ბავშვი კი მარტო ვერ გაემგზავრება, მას მწვრთნელი უნდა გაჰყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
“ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატზე რვა წლამდე ჭაბუკთა შორის საგზური მოპოვებული აქვს, თუმცა, სამწუხაროდ მასწავლებელი არაა დაფინანსებული, მშობელს, მით უმეტეს, ვინ დააფინანსებს. ველოდებით, რომ ვინმე დაგვეხმაროს. ბავშვი მარტო ვერ წავა, ემოციურად ძალიან რთულია, რადგან პატარაა. ჩვენ რაც გვქონდა თანხა, რუმინეთში გამოვიყენეთ. არ ვიცით, წავა თუ არა”, – განაცხადა ეთერ ხობუამ.
მისი თქმით, წინა ჩემპიონატზე ორჯერ მიმართა მერიას დაფინანსების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მან ასევე განაცხადა, რომ პატარა ჩემპიონისათვის გამარჯვება ქალაქის მერს ამ დრომდე არ მიულოცავს.
“მერიას ორჯერ მივმართეთ. ჩვენთვის თანხები არ აქვთ. არ მოულოცავთ და არც დავუბარებივართ. სხვა დროს მინახავს საქართველოს ჩემპიონებს ულოცავენ და მიწვევა აქვთ მერიაში. ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ. მგონი, არ უხარიათ წარმატება, რადგან შემდეგ ამ წარმატებულ ბავშვებს ფინანსური გვერდით დგომა ჭირდებათ და სამწუხაროდ, არ ემეტებათ თანხები”,-განაცხადა ეთერ ხობუამ.
6 წლის დავით თათვიძე ქუთაისის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეა. მისი თქმით, ჭადრაკით სამი წლის ასაკიდან დაინტერესდა, თამაში ჯერ ინტერნეტით დაიწყო და შემდეგ სწავლა ჭადრაკის პედაგოგთან განაგრძო. მას არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული. ამბობს, რომ მოჭადრაკე უნდა გამოვიდეს, ამისთვის კი დიდი შრომა და ბევრი სწავლა ჭირდება.
დავით თათვიძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. 6 წლის მოჭადრაკემ რუმინეთის ქალაქ მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ზედიზედ რვა პარტია მოიგო, მას წარმატება ქვეყნის პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა.