,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქალები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმ ქვეყნებში არიან, სადაც 8 მარტი ოფიციალური, სახელმწიფო დღესასწაული და უქმე დღეა.
,,ქალები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სწორედაც რომ იმ ქვეყნებში იმყოფებიან, სადაც 8 მარტი ოფიციალური, სახელმწიფო დღესასწაული და უქმე დღეა. ესენია: ანგოლა, ბურკინა- ფასო, კამბოჯა, გვინეა-ბისაუ, კონგო, ჩინეთი, ლაოსი, ჩრდილოეთ კორეა, უგანდა, მონღოლეთი, მაკედონია, საქართველო, რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით. საქართველო ამ მხრივ უნიკალური ქვეყანაა – ქალთა ორი ოფიციალური დღესასწაული გვაქვს ერთ კვირაში”,- წერს ,,ფეისბუქ” გვერდზე გოცირიძე.
ის ბოლო პერიოდში ქალთა მკვლელობების გახშირებულ ფაქტებს იხსენებს და ამბობს, რომ 8 მარტი საქართველოში არა მისალოცი დღე, არამედ ბრძოლის, დემონსტრაციების დღე უნდა იყოს.
,,საქართველოში გასულ ორ თვეში 8 ქალი მოკლეს ოჯახის წევრებმა. საქართველოში ქონების 80 პროცენტი საჯაროო რეესტრში კაცებზეა რეგისტრირებული, საქართველოში საჭესთან ქალების რამდენი პროცენტი ზის არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, რომ ყოველი ასიდან ერთი მაინც იყოს.
არა და ორმაგად რომ აღვნიშნავთ? 8 მარტი ჩვენთან მისალოცი დღეა, არა და ბრძოლის დღე უნდა იყოს. სუფრების დღე კი არა, არამედ დემონსტრაციების. გილოცავთ! “,- წერს რომან გოცირიძე.
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა, რომელიც საქართველოში ოფიციალური დღესასწაული და უქმე დღეა.