8 წლის ბიჭს საკუთარმა დედამ თავში თეფში ჩაარტყა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. შიდა ქართლის ერთ-ერთი სოფელში ძალადობაში ბრალდებული მშობელი ადასტურებს, რომ ვახშმობის დროს შვილს გაუბრაზდა, წყობიდან გამოსულმა კი ცხელი სადილით სავსე თეფში არასრულწლოვნის მიმართულებით ისროლა.
კურიერის ინფორმაციით კერამიკის თეფშით 8 წლის ბიჭმა ჭრილობები მიიღო. ძლიერი სისხლდენით ის კლინიკაში გადაიყვანეს და თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.
არასრულწლოვანზე განხორციელებულ თავდასხმასაც ერთადერთი თვითმხილველი ჰყავდა – დაზარალებული ბიჭის 3 წლის ძმა. დედამ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მცირეწლოვან თვითმხილველს ამ თემაზე საუბარი, დაჭრილ შვილს კი სკოლაში წასვლა აუკრძალა.
კურიერთან საუბრის დროს მშობელი არ მალავს, რომ ჭრილობები თავის არეში შვილს თეფშის მოქნევით გაუჩნდა, მაგრამ აკონკრეტებს, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია.
დედის მცდელობა, რომ ოჯახში ძალადობის ამბავი დაიმალებოდა, უშედეგო აღმოჩნდა. საპატრულო პოლიციაში შევიდა ანონიმური ზარი, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მარტოხელა დედა ერთ შვილს სასტიკად ეპყრობოდა და ხშირად სცემდა.
გამოძიება დაიწყო და გაირკვა, რომ ამ ანონიმური ზარის ავტორი ძალადობაში დადანაშაულებული ქალის ძმა იყო. სწორედ ბავშვის ბიძის ჩვენების საფუძველზე გამოუწერეს ახალგაზრდა დედას შემაკავებელი ორდერი და არასრუწლოვანი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დედამ 8 წლის ბავშვზე იძალადა. ამის შესახებ კი ინფორმაცია სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებსაც ჰქონდათ. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ინფორმაციას რეაგირება მოჰყვა.
საპირისპიროს ამტკიცებს სოციალური სამსახური. მუშაკები ამბობენ, რომ ძალადობის ასეთ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციას არავისთვის არასოდეს მიუმართავს.
ჯერ უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება სკოლის დირექტორის და დამრიგებლის წინააღმდეგ, რომლებმაც არავინ ჩააყენეს საქმის კურსში, რომ დედა ბავშვზე, სავარაუდოდ, ძალადობდა.