30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან : საბჭოთა ტანკები რუსთაველზე

ზუსტად 30 წლის წინ ამ დღეს, საბჭოთა საქართველოს  დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე,  საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი. დაღუპულთა შორის უმეტესად ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

9 აპრილის ტრაგედიას წინ უძღვის კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის.  1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა.  საპასუხოდ კი ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნები მოაწყვეს.

1989 წლის 5 აპრილს,საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი ქართველი  მთავრობის სახლის წინ შეიკრიბა.  მომიტინგეებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება  ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს და სიტუაციაზე კონტროლი მთლიანად დაკარგა. 

”გამაგრდით და გაძლიერდით სულიერად, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!” – ასე მიმართა მერაბ კოსტავამ იქ მდგომ შეკრებილ საზოგადოებას.

დარბევა

6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი.

7 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა სადაც გაიცა ბრძანება რომ თბილისსში ჯარი უნდა შეეყვანათ.

კოჩეტოვმა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა და საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის დარბევის ზოგადი გეგმა.

7 აპრილს, 21 საათზე პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად. დღისა და ღამის განმავლობაში თბილისში შევიდა: საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

8 აპრილს გაიმართა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც როდიონოვმა და კოჩეტოვმა განაცხადეს, რომ ოპერაცია  სისხლის ღვრის გარეშე ჩაივლიდა. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები.

  • დილის 04:00-საათზე საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების ჯარის ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა შემოარტყა. ასეულობით  ჯარისკაცი მთავრობის სასახლის წინ იერიშით შეიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს დაერია. რუსულმა არმიამ  რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი მოსახლეობა  ტანკებით,მომწამლავი ქიმიური საშუალებებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და სასანგრე ბარებით დაარბია.

  • 9 აპრილს, დილის 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ამის შესახებ მოსახლეობამ ტელევიზიით მხოლოდ 22:15 საათზე გაიგო.

  • 9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი, რუსმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათის დროს მოკლეს. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი იყო.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის თავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობთ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

დაღუპულთა სია 

აზა ადამია, 22 წლის

ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის


ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის


ნატო გიორგაძე, 23 წლის


თამუნა დოლიძე, 28 წლის


თინა ენუქიძე, 70 წლის


ნინო თოიძე, 25 წლის


ზაირა კიკვიძე, 61 წლის


მანანა ლოლაძე, 33 წლის


თამარ მამულიშვილი, 50 წლის


ვენერა მეტრეველი


მამუკა ნოზაძე, 22 წლის


ნანა სამარგულიანი, 41 წლის


შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის


მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის


ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის


თამარ ჭოველიძე, 16 წლის


ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის


მზია ჯინჭარაძე, 43 წლის


მანანა მელქაძე, 23 წლის


გია ქარსელაძე, 25 წლის