“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ოპოზიციას მოუწოდებს, გააერთიანონ ფინანსური რესურსი და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ნათელაშვილის თქმით, აუცილებელია, ივანიშვილის ხელისუფლებაზე შეტევა არჩევნებამდე დაიწყოს და ეროვნული მოძრაობის მაგალითი გაიმეოროს. მისი განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური რეალობა, რომელიც ხელისუფლებას არჩევნების გზით შეცვლას გამოიწვევს.
“ბატონმა გიგიმ დოთრაკიელებთან კონტექსტში მახსენა და, ალბათ, კარგად მოეხსენება ბატონ გიგის, რომ თუ ცხენის ტარებას ვერ ისწავლიდა კაცი, ის ვერ მოხვდებოდა ზეცაში.
თუ დღევანდელმა ოპოზიციურმა ძალებმა, ვისაც ამაზე აქვს პრეტენზია, არ დავამთავრეთ ივანიშვილის რეჟიმი, მჩაგვრელი, ბოროტული, ცრუ, გამაღატაკებელი, ჩვენ ვერცერთი ვერ მოვხვდებით სამოთხეში და სად მოვხვდებით, ეშმაკმა იცის და მე მგონი, ჯოჯოხეთი აქ გვექნება და გვაქვს უკვე. უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილმა სახელმწიფო იყიდა, თავის ამომრჩევლებიანად, ინსტიტუტებიანად. 3% მოსახლეობისა ითვისებს ხალხის ქონებას და ლუკმას.
“არჩევნებამდე უნდა მოხდეს ისეთი მიწისძვრა ივანიშვილის ფეხქვეშ, რომ მისგან არაფერი დარჩეს, პირველ რიგში, გამოსვლა ქუჩაში, საპროტესტო აქციები. 10 ათასი კაცი ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს 10 დღეში” – განაცხადა “არჩევანში” საუბრისას ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია შეცდომებს უშვებს და ვერ ახერხებს ხმების დაცვას. რაც შეეხება კითხვას, გაერთიანდება თუ არა ის ოპოზიციასთან, თუკი ისინი არ შეიცვლიან აზრს და ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად კვლავ არჩევნებს ჩათვლიან, ნათელაშვილი პირდაპირ არ პასუხობს და ამბობს, რომ არსებული საარჩევნო კოდექსით, მხოლოდ ისეთი ხელისუფლება შეიძლება მოვიდეს, როგორიც ახლა ჰყავს ქვეყანას.
“ჩვენ უნდა გავიდეთ ქუჩაში არჩევნებამდე რაც შეიძლება ადრე, შევაზანზაროთ, 9 ბალიანი მიწისძვრა მოვუწყოთ ამ საკაცობრიო მარაზმს სოლოლაკში რომ ზის, დაგვცინის, გვიყიდის სამშობლოს და გვართმევს ლუკმა-პურს,” – ამბობს ნათელაშვილი.