კობახიძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დავალებებს ოცნების გუნდის ყოფილი წევრები აძლევენ

4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას დღეს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. ის ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილის გეგმები მათთვის ცნობილია და „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ გეგმას განხორციელება არ უწერია. კობახიძის თქმით, ხაბეიშვილის უკან „ოცნების“ ყოფილი წევრები დგანან, თუმცა სახელებსა და გვარებს ის არ აკონკრეტებს.

„რეალურად, ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იგივე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს, თუმცა მისი დავალების მიმცემებიც ნატურით ზუსტად ისეთივეები არიან, როგორიც არის ბატონი ანიტა, შესაბამისად, მათ ამ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არის კონკრეტული, მარტივად გაშიფვრადი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით ძალიან მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ. გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ამ გეგმას არ უწერია არავითარი განხორციელება.

კი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში. ეს არის დავალება იგივე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა. ანუ ეს არის იგივე დავალებები“, – ასე უპასუხა კობახიძემ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებულ კითხვას.

მან უპასუხა შეკითხვას, იგულისხმა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი.

„არა, არცერთ გვარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. როდესაც ასე ხდება, მერე შეიძლება სხვა გვარები მოიკითხოთ და ა.შ. არცერთ გვარს არცერთი ფორმით არ დავასახელებ“, – განაცხადა კობახიძემ.