დღეს, ვაცლავ ჰაველის პრემია 2025 წელს უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს გადაეცა.ფინალისტთა სიაში იყო “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც სტრასბურგში ადვოკატი და უფლებადამცველი მაია მწარიაშვილი წარმოადგენდა. მანვე წაიკითხა ასამბლეის ტრიბუნიდან მზია ამაღლობელის წერილი.

წერილს “ბათუმელები” ავრცელებს:

„თავისუფლების, დემოკრატიის გზაზე მიმავალს, იშვიათად მიმაჩნდა რამე შეუძლებელი…

თუმცა წარმოუდგენლად ემოციურია და დღემდე მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჩემი სახელი და გვარიც არის „ჰაველის“ ჯილდოს ნომინანტებში.

ყოველთვის აღფრთოვანებული და შთაგონებული ვიყავი იმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებით, რომლებიც, დევნის მიუხედავად, რჩებოდნენ სამშობლოში და აგრძელებდნენ პროფესიულ საქმიანობას. ჩემი პატივისცემა ულვი ჰასანლის შეუვალობას.

სოციალურ მედია X-ზე, ჩემს ქავერზე დღემდე უნდა იყოს ფოტო, წარწერით – „იყავი ისეთი მამაცი, როგორიც უკრაინაა“. მაქსიმ ბუტკევიჩს მინდა ვუთხრა, რომ გულწრფელად მჯერა უკრაინის გამარჯვების.

ეს ნომინაცია არ არის მხოლოდ ჩემი. მე მას ვიღებ ჩემი კოლეგების სახელით, იმ ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიაში მუშაობენ.

საქართველოში ჟურნალისტად ყოფნა დღეს მსხვერპლის გაღებას ნიშნავს.

ჩემს კოლეგებს მტრულ და საფრთხისშემცველ გარემოში უწევთ ყოველდღიურად მუშაობა. მათ დევნიან, აშანტაჟებენ, ავიწროებენ, მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ფიზიკურად უსწორდებიან.

ერთპარტიულმა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაგვიმტკიცა „რუსული კანონები“, რითაც სიტყვის თავისუფლება პრაქტიკულად აკრძალა, ხოლო საგრანტო ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აგენტობას და ღალატს გაუთანაბრა – ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

დღეს ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. დღეს ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს – მსახიობი, პოეტი, მასწავლებელი, კომიკოსი, სტუდენტი, ჟურნალისტი.

თუმცა ქართველები ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.

300 დღეზე მეტია, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, რადგან ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ დემოკრატიული ღირებულებების გარანტი ევროკავშირია.

ჩვენ თქვენს გვერდით ვხედავთ ჩვენს თავს, ამიტომ მინდა გთხოვოთ – მანამ, სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო!

იდექით ჩვენს გვერდით, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.