„მაწუხებდა სინდისი – რომ მეძინა საწოლში, ჩემს არასაჭირო ტექსტებზე ვმუშაობდი, საყვარელი ქალის მზრუნველობით გარემოცული. არა იმიტომ რომ ვინმეზე მეტი ვარ… არც საამაყოდ ვთვლი ჩემ მიერ გაწნულ სილას, არც სათაკილოდ, არც დანაშაულად. (სილას ქართულმა ზმნამ მოარგო შესაბამისი სიტყვა – გაწვნა. სილის გარტყმა უგემოვნო ქართულია – ეს გადახვევისთვის).
მზია ამაღლობელი – მებრძოლი, პრინციპული, დამსახურებული ადამიანი – შეურაცხყვეს, დაამცირეს, და ამის შემდეგ მან ღირსება შელახულმა სილა გააწნა მოძალადეს, ამის შემდეგ ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ ქალის რიტუალურ მკვლელობას…
ნინო დათაშვილი – აი ამ ბიჭების კოლეგებმა, ან ამათვე, არ ვიცი, ვერ ვცნობ, ათრიეს, დაამცირეს, და მას შემდეგ რაც მან თავის დაცვა სცადა დააპატიმრეს, ფსიქიატრიულში გადაყვანა მოუნდომეს…
მზია ამაღლობელზე წერილის დაწერა მთხოვა „ბათუმელებმა”, დავწერე, ჩავეტიე დროში, კმაყოფილი ვიყავი. აივანზე გავედი და უეცრად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, რომ მე კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ტექსტი დავწერე, რომ მერე ავდგებოდი და „ვაჟკაცურად” გავიდოდი რუსთაველზე. და ეს იქნებოდა ჩემი მაქსიმუმი…“,
ამის შესახებ, პოეტმა, ზვიად რატიანმა, სასამართლო დარბაზში საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განახადა.