დააკავეს დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დააკავეს დავით მიქაძის დაცვის უფროსი, დავით ჩუბინიძე. დავით მიქაძეს კი, რომელიც ასევე ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ახალი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება.

გამოძიები დადგინდა, რომ დავით მიქაძე და მისი დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ხუთ ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელთაგან ერთ-ერთი უკანონოდ გაასაღეს მესამე პირზე.

როგორც შს მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ჩუბინიძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. მისი საქმე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით არის აღძრული.

შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განხორციელებულ მკვლელობასთან და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნობილია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ ექვსი პირი – დავით და გიორგი მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე, სანდრო წივწივაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. სამი მათგანი – გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭიშვილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს, ხოლო გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე ამჟამად ძებნაში იმყოფებიან.