“რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს, მიზანი მძიმე და შავბნელია” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
„რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს და უნდათ, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ჰყავდეთ. ამ მაყურებლების „ბაბლში“ გარკვეული რაოდენობა შეაგროვეს, მაგრამ მთლიანად საქართველოზე გავლენა ვერ მოახდინეს. დაიშალნენ იმ იდეით, რომ ეჩვენებინათ, თითქოს, პლურალისტური ოპოზიციური საზოგადოებაა, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან ერთი მიმართულებით უტევს, მაგრამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნია. ჩამოყალიბდნენ, დავიწროვდა მათი ეს სამოქმედო გეგმა, ერთ კალაპოტში ჩაჯდა და ქვეყნის დანგრევას გულისხმობს. ისინი არც იმ დაშლის ვითომდა პერიოდში, არც ერთად ყოფნის პერიოდში, არასდროს უარყოფდნენ, რომ ლიდერები იყვნენ „ნაცმოძრაობაში”. ამას არასდროს უარყოფდნენ არც მოქმედებებით, არც განცხადებებით.
იგივე ხალხია, იგივე გენპროკურორი, იგივე გენერალური მდივანი, იგივე მინისტრი, იგივე პოლიტსაბჭოს წევრი და „ნაცმოძრაობასთან” და სააკაშვილთან დაკავშირებული. სააკაშვილი მათი ლიდერია. რასაკვირველია, ამასაც არავინ მალავს, მაგრამ მთავარი ეგ არ არის. მთავარია, რა არის მათი მიზანი. მიზანი ძალიან მძიმე და შავბნელია. იქით სალომე ზურაბიშვილს საერთოდ აღარ ახსენებენ. იქით „ლელო” და გახარიას პოლიტიკური პარტიები გვერდზე დარჩნენ, თითქოსდა, ამ ხნის განმავლობაში არასდროს უთანამშრომლიათ. ამით ცდილობენ გარკვეული პლურალისტური გარემოს შენარჩუნებას, მაგრამ რეალურად, საზოგადოებამ გადაუსწრო ცოდნაშიც, ინტელექტშიც და ხალხი ასე ადვილად აღარ ტყუვდება. სალომე ზურაბიშვილს ენერგიაც აღარ აქვს. ხელში „ქარტია“ მისცეს, „ქარტიას“ ხელი ყველამ მოაწერა და ახლა მოუწოდებდნენ, რომ ეს „ქარტია“ კაბინეტიდან სააბაზანოში გადაიტანოს. ეგ არის ის პრობლემა, რომელიც ახასიათებს მას. პრაქტიკულად, დატოვეს ისეთ პოზიციაში, როდესაც პრეზიდენტის დროშით ხელში დაიარება და ამბობს პრეზიდენტი ვარო. უკვე ეჭვებს ქმნის საერთოდ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ როლში დატოვეს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ყველა მონაცემი გააჩნდა, რომ კარგი, მართალი, სწორი, ინტელექტუალური ლიდერი ყოფილიყო ამ ქვეყანაში,” – განაცხადა ვოლსკიმ.













