როგორ იქცა დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნედ

საქართველოში დამოუკიდებელი მედია დღეს გადარჩენის ზღვარზეა. ის, რაც წლების განმავლობაში დემოკრატიის მთავარ მონაპოვრად ითვლებოდა — თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული აზრი — ახლა ყოველდღიური ბრძოლის საგნად იქცა. ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობა აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება; ეს არის ბრძოლა მუდმივი წნეხის, ფინანსური იზოლაციისა და იმ სამართლებრივი ბარიერების წინააღმდეგ, რომლებიც თავისუფალი მედიის შესაზღუდად ხელისუფლებამ აღმართა. სწორედ ამიტომ საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა დღეს  ინდივიდუალური ჟურნალისტებისა და რედაქციების გამძლეობის შედეგია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ის სამი მთავარი ფაქტორი გამოყო, რაც  ხელისუფლების სისტემური პოლიტიკაა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მის გასაჩუმებლად, მათ შორის, ძალისმიერი გზითაც:

მუქარა, ფიზიკური თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა

  • 17 იანვარს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა და საავტორო გადაცემის „შაბათის ფორმულას“ წამყვანმა,დავით ქაშიაშვილმა სოციალურ ქსელში მუქარის წერილი მიიღო მას შემდეგ, რაც „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც კორუფციულ სქემებში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, გოგა ხაინდრავას შესაძლო თანამონაწილეობას შეეხებოდა.
  • 26 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, „ფორმულას“ ჟურნალისტს,ნანო ჩაკვეტაძეს საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ტელეფონი წაართვეს, გადაღებული კადრები წაუშალეს და დაჭერით დაემუქრნენ.
  • 9 თებერვალს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი მამაკაციდაემუქრა ონლაინგამოცემების „პუბლიკასა“ და „OC მედიას“ ჟურნალისტებს – მინდია გაბაძეს და მარიამ ნიკურაძეს.
  • 11 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაშიხელი შეუშალეს, სადაც საქართველოში ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობდა. მას ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა ტელეფონი წაართვა და გადაუგდო, შემდეგ კი გადაღებული მასალის წაშლა აიძულა.
  • აპრილის დასაწყისში, ხადას ხეობაში ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო შექმნილი პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ გადამღებ ჯგუფს ადგილზე მყოფი პირებიდაუპირისპირდნენ. მათ ჟურნალისტებს გადაადგილება შეუზღუდეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტებს  სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.
  • 11 აპრილს, საქართველოში მცხოვრებმა უნგრელმა, ვიქტორ ორბანის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილმა ჟურნალისტმა,ლასლო რობერ ბეზესმა განაცხადა, რომ მას თბილისში უნგრეთის საკონსულოში ვიზიტისას, უცნობი ქალი დახვდა, დაკითხა და ციხით დაემუქრა.
  • ბოლო რამდენიმე თვეა, ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიმართ ზეწოლისა და საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაზესაუბრობს რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთი“. ტელეკომპანიის განცხადებით, სწორედ ამას ემსახურება მათ ფინანსურ ანგარიშებზე ბოლო ერთ წელში რამდენჯერმე დადებული ინკასო.

 

სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ

შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლო და სამართალდამცველი სისტემების დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გამოყენების მავნე პრაქტიკა, რომელიც ბოლო წლების საგანგაშო ტენდენციად ჩამოყალიბდა და კრიტიკული ხმის ჩახშობის აქტიურ ინსტრუმენტად იქცა. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ე.წ. გზის გადაკეტვის საბაბით ადმინისტრაციული საქმეების წარმოების დაწყება, დაჯარიმება და მათი ანგარიშების დაყადაღებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შემთხვევების დიდი ნაწილი, საბოლოოდ, სასამართლოს მიერ საქმეების შეწყვეტით სრულდება, ის მედიის წარმომადგენლების დაშინების და ზეწოლის მცდელობად უნდა განვიხილოთ, რადგანაც მათი საბოლოო მიზანი ჟურნალისტებში თვითცენზურის ჩამოყალიბება და ე.წ. „შემაკავებელი ეფექტის“ გაღვიძებაა.

  • 16 იანვარს, ონლაინგამოცემა „მაუწყებლის“ ჟურნალისტითოზუ გულმამედლი 5 000 ლარით დააჯარიმეს. შსს მას 2026 წლის აგვისტოში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „გზის გადაკეტვას“ ედავებოდა.
  • 18 თებერვალს, ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებითდააკავეს გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი, ელისო კილაძე. იგი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მიუხედავად საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, მისი სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურულია. ბრალდებამ ეს მოწმეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებით დაასაბუთა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება. დაკავებული ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და დაპატიმრებას ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობის საქმეში მის მიერ „ყველა შეკერილი ბრალის“ მხილებისთვის ხელისუფლების მხრიდან შურისძიებას უკავშირებს.
  • 4 აპრილს, თბილისშიდააკავეს აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. იგი, 5 აპრილს ქვეყნიდან აზერბაიჯანში გააძევეს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემა ეკრძალებოდა. სადიგოვის დაკავებამ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის ერთგვარი ფარული შეთანხმების განცდა გააჩინა, რამდენადაც სადიგოვის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანის პროკურატურამ მას მოულოდნელად ყველა ბრალი მოუხსნა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დახურა. ამის შემდეგ, ორ დღეში, სადიგოვს  თბილისში შაბათს გვიან ღამით აკავებენ და კვირას გამთენიისას კი – უკვე აზერბაიჯანში აძევებენ.
  • 19 მარტსცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი,გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანისთვის 10 000 ლარს და მის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფას ითხოვს, კორუფციულ სქემებთან მისი სავარაუდო კავშირის თაობაზე. საგულისხმოა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები კრიტიკული მედიების წინააღმდეგ აქტიურად მიმართავენ ე.წ. „SLAPP სარჩელებს“ (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ), რომელთა მიზანიც ჟურნალისტების გაჩუმება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და სამართალწარმოების გზით მედიისთვის ცენზურის დაწესებაა. ამ დროისთვის საქართველოში 40-ზე მეტი ასეთი სარჩელია აღრიცხული.
  • მარტიაპრილის თვეებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. გზის და ტროტუარის „გადაკეტვის“ საბაბით ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული არაერთი ადმინისტრაციული საქმე განიხილა. მათ შორის იყვნენ: ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტიმარიამ კუპრავა; ონლაინგამოცემა „ნეტაზეთის“ ჟურნალისტი მარიამ ძიძარია; ფოტოგრაფი გიორგი თარხნიშვილი; „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. ყველა მათგანი ადგილზე, სხვადასხვა დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
  • აპრილის თვეში, ე.წ. გზის “გადაკეტვის“ საბაბით ანგარიშები დაუყადაღეს ტელეკომპანიების – „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს –ლიზა ციციშვილსა და მაკა ჩიხლაძეს.
  • 1 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომარ დააკმაყოფილა „ტვ პირველის“ ჟურნალისტების – ნანუკა ქაჯაიასნატალია ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „პოსტვის“ წინააღმდეგ, სადაც ისინი ამ უკანასკნელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდნენ, თითქოს „კოკა-კოლას“ დირექტორის, თემურ ჭყონიასგან ფინანსდებიან.
  • 15და 20 აპრილს, ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გაშვებული 6 თანამშრომლის სარჩელებიც, რომლებიც სამსახურიდან მათი გათავისუფლების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

 

კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ

კრიტიკული მედიის დევნისა და გაჩუმების კიდევ ერთი იარაღი კომუნიკაციების კომისიაა. ამ მიმართულებით საფრთხე კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც გასული წლის აპრილში, კომისიას მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტი გადაეცა, რომლის გამოყენებაც მარეგულირებელმა აქტიურად დაიწყო 2026 წლის 2 აპრილს,  – მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ორი პროპაგნადისტული პროსამთავრობო ტელევიზია „იმედი“ და „პოსტვ“ დაასანქცირა რუსული პროპაგანდის გავრცელებისა და მხარდაჭერის გამო.

კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ გადაცემები შერჩევითად დაამონიტორინგა და მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა შემდეგი ტერმინების გამოყენებისთვის: „რეჟიმი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერმინისტრი“, „ივანიშვილის დეპუტატი“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „.. განათლების რეფორმა“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“ და სხვა. კომისიის მიერ ყოველი შემდგომი ასეთი „დარღვევის“ შემთხვევაში, ტელევიზიები ფინანუსრი სანქციების დაწესების, ასევე მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგებიან. ამასთან, კომისიის ეს გადაწყვეტილება საგანგაშო პრეცედენტს ქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით და აწესებს პირდაპირ ცენზურას.

კიდევ უფრო ადრე, 22 იანვარს, კომისიამ რეგიონული სათემო „რადიო მარნეული“  ამერიკის „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) მიღებული გრანტის (32 541.60 ლარის ოდენობით) გამო წერილობით გააფრთხილა.

16 თებერვალს კომისიამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაკეთებული შემოწირულების გამოც.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცახდებით, კრიტიკული მედიის მიმართ წნეხს ნათლად წარმოაჩენს ბოლო წლების საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ასობით შემთხვევას ასახავს. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2026 წლის პირველი ოთხი თვე აღმოჩნდა. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციამ 60-მდე ასეთი შემთხვევა აღნუსხა. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელია და დამნაშავე პირები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი. დამნაშავეთა დაუსჯელობის დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა ამგვარ შემთხვევებს კიდევ უფრო ახალისებს და ჟურნალისტურ საქმიანობას სულ უფრო მოწყვლადს ხდის.

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, ზემოთ განხილულ შემთხვევებს თან სდევს სისტემური სიტყვიერი თავდასხმები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე და მათივე პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მუდმივი დისკრედიტაციის კამპანია, რომლებიც კრიტიკულ მედიებს სხვადასხვა დამაკნინებელი ეპითეტებით მოიხსენიებენ და საზოგადოებაში უნდობლობის გაღვივების მიზნით, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის „ყალბ ამბებად“ ფუთავენ. მთლიანობაში, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, სხვა არადემოკრატიული რეჟიმების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ფორმით გამოცხადებული ბრძოლის მთავარი მიზანი დამოუკიდებელი, თავისუფალი და ალტერნატიული ხმების ჩახშობა, საბოლოო გაქრობა და ქვეყანაში ცენზურის დაწესებაა.