მერაბ შარიქაძეს, დოპინგ-ტესტების გაყალბების საქმეზე, 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა . შარიქაძე საიდუმლო სქემაში მონაწილეობდა და ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა.
BBC-ი წერს, რომ 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა გიორგი ჭყოიძეს, 3-3 წლიანი – ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი მოდებაძეს და ცხრათვიანი – ლაშა ლომიძეს. ამასთან, 9 – წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს გუნდის ყოფილ მთავარ ექიმს, ნუცა შამათავას.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გამოძიებამ დაადგინა,საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტო საქართველოს ნაკრების ექიმს, ნუცა შამათავას, წინასწარ ატყობინებდა მოსალოდნელი ტესტების შესახებ, ხოლო ის ამ ინფორმაციას შემდეგ გუნდის საერთო ჩატში აზიარებდა.
გამოცემა Walesonline-ი წერს, რომ აღნიშნულ პირებს დისკვალიფიკაცია მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა და მსოფლიო რაგბის ფედერაციის ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა სქემა, რომელიც ნიმუშების შეცვლას და დოპინგ-ტესტების წინასწარ გაფრთხილებებს ეხებოდა. გამოძიება, სახელწოდებით „ოპერაცია ობსიდიანი“, 2023 წელს დაიწყო და ხუთი შემთხვევა აღმოაჩინა.















